გალერეა 27 ში შენი ნამუშევრების გამოფენას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებელი, გაიყიდა უამრავი ნამუშევარი და დამყარდა საინტერესო კონტაქტები, იქნებ ცოტა შენს შესახებ მოგვიყვე, გაიხსენო, როგორ აღმოჩნდი ამ სივრცეში, საიდან დაიწყე და სად ხარ ახლა?
ჩემი და თიხის ურთიერთობა ცოტა უცნაურად დაიწყო, 25 წლის ვიყავი როცა პირველად გავეცანი თიხას. იმ პერიოდში აიკიდოთი ვიყავი გატაცებული, როცა ერთმა კარგმა ადამიანმა და ჩემმა მეგობარმა მალხაზ ჟღენტმა თავის სახელოსნოში დამპატიჟა, ის პატარა ბავშვებს თიხაში მუშაობას ასწავლიდა. ეს მოპატიჟება ცოტა მოულოდნელი იყო, მანამდე ხელოვნების არც ერთ დარგთან არ მქონია შეხება და არ ვიცოდი მასალით რა უნდა გამეკეთებინა. თითქმის ერთ თვიანი ხვეწნის შემდეგ თიხის გაკვეთილებზე სიარული დავიწყე და სულ რამდენიმე გაკვეთილი გახდა საჭირო იმისთვის, რომ გამეაზრებინა - მეთუნეობა სწორედ ის საქმე იყო, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა. ცოტა ხანში რამდენიმე გაკვეთილი ბატონ რობიზონ იმერლიშვილთან გავიარე და ამოყვანის საბაზისო პრინციპებს გავეცანი. მალე სახლში დამოუკიდებლად გავაგრძელე ამოყვანის ტექნიკაზე ვარჯიში ჩემ მიერ გაკეთებულ სამეთუნეო მორგვზე. ერთი წლის შემდეგ შემთხვევით გავიცანი ბატონი გია იაშვილი, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ მე დღეს კერამიკას ვაკეთებ და კერამიკოსი ვარ.
როგორი იყო თავიდან შენი მუშაობის სტილი, ტექნიკა და როგორ განვითარდა დროსთან ერთად?
ჩემი გზა 10 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, დავხვეწე ჩემი სამეთუნეო შესაძლებლობები, რასაც ხელი შეუწყო თითქმის 7 წლიანმა მუშაობამ კერამიკის სტუდია 1300-ში. ჩემი, როგორც დამოუკიდებელი კერამიკოსის გზა 2 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა ჩემს მეგობართან ერთად პატარა სახელოსნო გავხსენი. სახელოსნოში დაიწყო ტექნოლოგიური ძიების გზა, რომელიც უპირველესად ეხებოდა ტრადიციული ანგობის ტექნიკის აღდგენას ადგილობრივი საანგობე და საჭურჭლე თიხებით. ამ თემას ეხებოდა ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც. დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესი უფრო და უფრო გაღრმავდა ტექნოლოგიის მიმართ და ანგობაზე წარმატებული მუშაობის შემდეგ დავიწყე ჭიქურზე მუშაობა, რაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. "ფრიტა" - ს უქონლობის გამო (ფრიტა არის გამზადებული მასა, რომელშიც შეყვანილია საჭირო მინერალები პროცესის გასაადვილებლად) ნედლი მინერალებით უნდა მიმეღწია შედეგისთვის. მიუხედავად ბევრი ტექნიკური და ფინანსური სირთულეებისა ამ 2 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო ჭიქური შევქმენი, ზოგიერთი მათგანი ახალ სიტყვადაც კი შეიძლება ჩაითვალოს ქართულ კერამიკაში რადგან უცხოეთში ამის დეფიციტი არ არის და მსგავსი ჭიქურები არსებობს.
ტექნოლოგია კერამიკოსისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან საქმე გვაქვს ფორმის და ფერის სინთეზთან, რომელიც ცეცხლის მეშვეობით რეალიზდება.
რაზე ფიქრობ როცა ფორმებზე მუშაობ და თიხა ამოგყავს? აღგვიწერე სამუშაო პროცესი?
ჩემი, როგორც კერამიკოსის გზა სიღრმისეული ძიების პროცესია, ტექნოლოგიამ მომცა ის შესაძლებლობები და სიღრმეები, რომელსაც ზედაპირულად ვეღარ მივუდგები და გვერდს ვერ ავუვლი.
თიხის გარდა რა მასალაში გიმუშავია, და გსიამოვნებს თუ არა სხვა მასალაში მუშაობა?
კერამიკის გარდა მიყვარს ხატვა, განსაკუთრებით აკვარელში, და ძერწვა, ალბათ ოდესმე ქვის გათლასაც ვცდი.
როგორ მოხდა შენი და გალერეა 27-ის დამეგობრება?
გალერეა 27 - თან ჩემი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, იქ ჩემმა მეგობარმა ლიზიკო ჭეიშვილმა მიმიყვანა, გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენი პატარა სახელოსნოსთვის გალერეებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვინდოდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა განსხვავებული კერამიკის ნამუშევრები, რომელიც არ ჰგავდა ბაზარზე არსებულ პროდუქტს. ეს თანამშრომლობა ერთგვარი რისკი იყო, რადგან არ ვიცოდით, როგორ მიიღებდა საზოგადოება ნამუშევრებს. სასიამოვნო გარემო, მეგობრული სტაფი გახდა მიზეზი გალერეა 27-თან ერთ წლიანი თანამშრომლობისა.
რამდენიმე თვის წინ იძულებულები გავხდით სახელოსნო დაგვეხურა, აქაც გალერეა 27 დაგვიდგა გვერდით და გამოფენა-გაყიდვის მოწყობა შემოგვთავაზა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მივიღეთ დადებითი, თბილი შეფასებები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელილი სტუმრებისგან, კიდევ ერთხელ ვუხდით გალერეას მადლობას ამ შესაძლებლობისთვის, ნუცა ერისთავს კი ძალდაუშურებელი გვერდში დგომისთვის.
გაქვს თუ არა ოცნება-პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებ მომავალში?
ოცნება პირველ რიგში საკუთარი სახელოსნოს ქონაა, სოფლად, ბუნებაში.
არ ვიცი, რამდენად ითვლება ეს პროექტად, თუმცა მინდა შევისწავლო ადგილობრივი საჭურჭლე და საანგობე თიხები, რომელზეც შევძლებ ჩემ მიერ შექმნილი ჭიქურების გამოყენებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ადგილობრივი და ველური თიხების გამოყენება შემეძლოს, რადგან მათ ის შესაძლებლობები და თვისებები გააჩნიათ, რაც უდიდეს გაქანებას აძლევს კერამიკოსის, და ზოგადად შემოქმედი ადამიანის ფანტაზიას.
ამ ყველაფერთან ერთად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტიც გახლავართ, ხოლო კვლევითი საქმიანობა ჯერ-ჯერობით შეჩერებული მაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ მალე გაგრძელდება.