ხელნაკეთი ნივთები და მათი ღირებულება
X

ხელნაკეთი ნივთები და მათი ღირებულება

ჩვენი ურთიერთობა ჩვენს აუდიტორიასთან სცდება ყიდვა-გაყიდვის ფარგლებს, რადგან ვცდილობთ ინფორმაცია მივაწოდოთ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და სწორი დამოკიდებულება ჩამოვუყალიბოთ ხელნაკეთი ნამუშევრების მიმართ.

ამ კონკრეტული ბლოგის თემა სწორედ ხელნაკეთი ნივთები და მათი ღირებულებაა.

ჩვენს მაღაზიაში ხშირად უკითხავთ თუ რატომ ღირს ესა თუ ის ნივთი ასეთი ძვირი. გვინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.

ვისაც ხელნაკეთი ნივთები უყვარს და ყიდულობს, აცნობიერებს მის რეალურ ღირებულებას და განასხვავებს მას ქარხანაში დამზადებულისაგან. როცა განსაკუთრებულს, ტრადიციულ ტექნიკაში შესრულებულ, ნიმუშს შეიძენ, ის მხოლოდ ლამაზად შესრულებული ასლი კი არ არის, არამედ კულტურის ნაწილიცაა და უნიკალურია თავისი შინაარსითა და ვიზუალით. ამიტომ არასწორია ხელნაკეთი ნივთის ფასის შედარება ინდუსტრიული წარმოების მსგავს დაბალ ფასიან ნივთებთან.

მთავარი საკითხი ის კი არ არის თუ რამდენად ძვირია ესა თუ ის ნივთი, მთავარი საკითხია თუ როგორ აფასებს ესა თუ ის ავტორი თავის შრომას. ყველა ნივთის უკან ხომ შემოქმედი ინდივიდი დგას თავისი იდეებით და ფანტაზიით, რომელმაც იცის თავისი დროის, შრომისა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ფასი, მას ვერ შეედავები, ვერ წაართმევ საკუთარი ნამუშევრის შეფასების უფლებას.

თითოეული ნივთის შექმნას დიდი დრო და შრომა სჭირდება, ხშირად ერთი ნივთის შექმნას თვეებს და წლებსაც კი ანდომებენ. ზოგიერთი ტექნოლოგიური პროცესი მრავალეტაპიანია და ამიტომ დროში ძალიან იწელება. ბევრი ავტორი მარტო მუშაობს, თუმცა ზოგს დამხმარე ჰყავს, რაც კიდევ უფრო ზრდის ნივთის თვითღირებულებას. ხანდახან ხდება სინთეზი, როცა ორი სხვადასხვა ტექნიკაში მომუშავე მხატვარი ერთ ნივთს ქმნის, ამის ბევრი მაგალითი ჩვენთან შეგიძლიათ იხილოთ ( მაგ. ხეკუთხედი)

ძალიან ხშირად ხელნაკეთი პროდუქტის დასამზადებელი მაღალი ხარისხის მასალა ჩვენს ქვეყანაში რთული მოსაპოვებელია, და ავტორებს მათი ყიდვა სხვა ქვეყნებში ან ონლაინ უწევთ, რაც კიდევ უფრო მეტი რესურსის დახარჯვას ნიშნავს.

ამიტომ სანამ კითხვას დასვამთ, თუ რატომ არის ესა თუ ის ნამუშევარი ასეთი ძვირი, შეეცადეთ წარმოიდგინოთ ის რთული გზა - დაწყებული იდეიდან და დამთავრებული გამზადებული და შეფუთული პროდუქტით , რომელსაც თითოეული ხელნაკეთი ნამუშევარი გადის, სანამ ჩვენს დახლზე აღმოჩნდება, ხოლო შემდეგ ჩვენი მეშვეობით თქვენი ინტერიერს ან შესახედაობას (ანუ ლუქს) დაამშვენებს.


უნდა გვახსოვდეს, რომ ხელნაკეთი ნივთის შეძენით ძალიან დიდ სტიმულს აძლევთ ადგილობრივ მხატვრებს და ოსტატებს, და ამავდროულად თქვენი წვლილი შეგაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.