ნატო თოფურია გალერეა 27-ის დიდი ხნის მეგობარია, შეიძლება ითქვას, დაარსების დღიდან, და ამავე დროს ერთერთი საყვარელი ავტორია. ის თბილისში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. დედა გრაფიკოსი ჰყავდა, მამა კი მოქანდაკე. ძალიან პატარა ასაკში დაიწყო ხატვა, შემდეგ სათამაშოების კეთება, მე-10 კლასში კი პირველი ქანდაკებაც შექმნა. ლოგიკურია, რომ სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა და დღემდე სიყვარულით ემსახურება საყვარელ საქმეს. მიაჩნია, რომ აკადემიაში ჩაბარება ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში.
ნატო დღეს გრაფიკულ ნამუშევრებს, ქანდაკებებსა და ტექსტილის სათამაშოებს ქმნის. გალერეაში სწორედ მისი მცირე ზომის გულსაბნევი თოჯინებია წარმოდგენილი. ნებისმიერ საქმეში ნატოსთვის მთავარია პოზიტიური განწყობა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. მთელი მისი სახლი სახელოსნოა და, ნამუშევრების შექმნის პარალელურად, უამრავ საქმეს აკეთებს. ტექსტილზე მუშაობას სიამოვნებასთან და დასვენებასთან აიგივებს, იყენებს მხოლოდ ნატურალურ მასალას და შერეული ტექნიკის მეშვეობით (კერვა, ქარგვა, პეჩვორქი) ძალიან გამორჩეული ხასიათის თოჯინებს ქმნის. მისი ხელწერა მარტივად საცნობია.
გალერეაში ნატოს ნამუშევრებს ყველა ყურადღებას აქცევს, ნებისმიერი ასაკის სტუმარს მათი ხელში აღების და დათვალიერების სურვილი უჩნდება. ნატოს ყველა ნამუშევარში იგრძნობა სიყვარული საქმის მიმართ, მას სიამოვნებას ანიჭებს მთელი პროცესი - იდეასა და თოჯინის ხასიათზე ფიქრი, შემდეგ ქსოვილის შერჩევა, ფორმებზე მუშაობა. ხშირად თავად მასალა კარნახობს ავტორს მიმართულებას . ნატოსთვის, ისევე როგორც მრავალი ხელოვანისთვის, ყველაზე დიდი სტიმული გარშემომყოფთა დამოკიდებულება და მისი ნამუშევრების მოწონებაა.
ნატო შეკვეთებზეც მუშაობს, არასდროს არ შექმნია პრობლემა დამკვეთთან, მისი ნამუშევრებით ყოველთვის ყველა კმაყოფილი რჩება.
ნატოს ქმნილებები მუდამ კარგ განწყობაზე აყენებს დამთვალიერებელს, ქსოვილისგან შექმნილი ლომები, ფერიები, კურდღლები, ანგელოზები ჩვენს გალერეაში დიდი მოწონებით სარგებლობს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, ასაკის მიუხედავად, ხშირად ჩვენგან ახალი გულსაბნევებით 'გულდამშვენებულები' და გაღიმებულები მიდიან.